ეკონომისტი ირაკლი მურცხვალაძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ კომპანიებს კარტელური გარიგებები ჰქონდეთ, ამ შემთხვევაში, ხელფასების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, პროფესიონალ კადრებს აიძულებს, ადეკვატური შემოსავლის საძიებლად სხვა ქვეყნებში წავიდნენ.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ირაკლი მურცხვალაძე საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ოლიგოპოლიას ასახელებს.

„ავიღოთ, მაგალითად, სააფთიაქო ქსელები, სადაც 3 მსხვილი კომპანიაა. ბენზინგასამართი სადგურები 3 მსხვილი კომპანიით, 2 მსხვილი ბანკი, მაღაზიების რამდენიმე ვეებერთელა ქსელი და ასე შემდეგ.

რადგან კონკურენცია არ არის დიდი და სულ რამდენიმე მოთამაშეა კონკრეტულ სფეროებში, წახვალ ერთი ადგილიდან, სადაც ხელფასი არ მოგწონს, მიხვალ მეორესთან და იქაც ანალოგიური ხელფასი და პირობები დაგხვდება. გარკვეულწილად, შეიძლება, ეჭვი შევიტანოთ, რომ ადგილი აქვს კარტერულ გარიგებებს. შესაბამისად, ეს უბიძგებს გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებს, გავიდნენ ქვეყნიდან, რათა კვალიფიკაციის ადეკვატური შემოსავალი მიიღონ“, - აცხადებს ირაკლი მურცხვალაძე.