„არანაირი პანიკის და სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს მოწყობილ ბრიფინგზე განაცხადა. მის თქმით, „არსად, არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ტელეგრამით გავრცელებულ ინფორმაციაში“.
„გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია ახლად შექმნილ ტელეგრამ არხზე, მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში როგორც სამინისტრო, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები, ყველა იმ დასახელებულ სკოლაში რომელიც მითითებული იყო ამა თუ იმ განცხადებაში მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყვეტად აგრძელებდნენ გადამოწმებას და არსად, არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ტელეგრამით გავრცელებულ ინფორმაციაში და მაქსიმალურად შევეცადეთ სწრაფად მოგვეწოდებინა სასკოლო დაწესებულების ეს ინფორმაცია და არანაირი პანიკის და სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს. ეს იყო ცრუ განგაში, შესაბამისი სამსახურები იკვლევენ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზნები“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ-აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელდა ინფორმაცია თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის შესახებ. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.