გადაცემა„ბრენდი საქართველოს“ წამყვანმა ლევან კობერიძემ და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში 30-წლიანი ისტორიის მქონე ინტელექტ-კლუბსა მისი წარმატების ფორმულაზე ისაუბრეს

გადაცემის დასაწყისში გიორგი მოსიძემ განაცხადა, რომ ლევან კობერიძე იყო ტელეგადაცემა „რა? სად? როდის?“ პირველი აღმასრულებელი პროდიუსერი, საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი და პირველი გამარჯვებები საერთაშორისო ასპარეზზე მის სახელს უკავშირდება.

ლევან კობერიძის თქმით, თუკი სადმე ვინმეს შეუძლია თქვას, რომ რამემ არაფორმალური განათლების და ინტელექტის ზრდას შეუწყო ხელი, ეს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდისაა“.

გიორგი მოსიძემ განმარტა, რომ ერთია ტელეშოუ „რა? სად? როდის?“, რომელიც აისბერგის მწვერვალია და რეალურად არ გადმოსცემს იმ ინტელექტუალური თამაშების მასშტაბს, რასაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ატარებენ.

„ბევრისთვის ეს აღიქმება, როგორც ტელეშოუ, ყოფილი საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, მაგრამ ეს პროექტი ბოლომდე გაქართულდა და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. რაც შეეხება ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“ - ის ბევრად უფრო ფართოა. ყოველ კვირას, ყველა მსურველისთვის, იმართება თამაშები თბილისსა და რეგიონებში. დღეს თბილისში ოფიციალური ღია ჩემპიონატი 5 ლიგას მოიცავს, თითოეულში 75 გუნდია და 370 გუნდი რეგულარულად თამაშობს რა? სად? როდის?“, - განაცხადა გიორგი მოსიძემ.

„არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ უწიგნური თაობა მოდის და არაფერი გვეშველება. ყოველ სექტემბერში ახალი ათასების შემოდინება ხდება. სულაც არ გვაქვს ცუდად საქმე. Gen Z თაობას რომ ვუყურებ, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. სხვა საკითხია ის, რომ ისინი უფრო ინტროვერტები არიან, გაჯეტებთან გაზრდილი თაობაა და შეიძლება გაუჭირდეთ ცხოვრების დიდი გზაზე უცებ წარმატების მიღწევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ინტელექტ-კლუბი ასრულებს თავის მისიას. ასეთი  ახალგაზრდები ერთიანდებიან გუნდებში, მეგობრდებიან და მერე ერთად ეწევიან საქმიანობას.

ისინი ნაკლებად კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას, ამ ჩარჩოდან გამოვიდნენ, მაგრამ ბევრად აქტიურად იყენებენ ვიკიპედიას, ლექსიკონებს, იციან არა მარტო ბელეტრისტიკა, პუბლიცისტიკა, პოლიტიკურ ლიტერატურას ეცნობიან და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი მოსიძემ

მისი თქმით, ინტელექტ-კლუბი ახალ თაობას აძლევს 3 რამეს: ანალიტიკური აზროვნების უნარს, სწორი გადაწყვეტილების მოკლე ვადაში მიღების შესაძლებლობას და ახდენს ახალგაზრდების სოციალიზაციას. „მორცხვ ახალგაზრდებსაც სჭირდება ადგილი, სადაც თავისნაირებთან იურთიერთობენ და ჩვენ მათ პლატფორმას ვაძლევთ“, - განაცხადა გიორგი მოსიძე.

რაც შეეხება ბრენდის წარმატების ფორმულას, გიორგი მოსიძის თქმით, პროგრესზე და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალ თაობაში აღმოცენდა მარცვალი, რომელზეც დაშენდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტელექტ-კლუბები. რა? სად როდის? დღეს ერთ-ერთი ცნობადი ბრენდია ქვეყანაში. ზოგჯერ სრულიად სხვა ინტელექტუალურ თამაშსაც რა?სად? როდის? ეძახიან. ეს ნიშნავს, რომ  ბრენდმა სწორად გაიდგა ფესვები და ის, რომ მშობლებს და შვილებს უნდათ აქ თამაში, ნიშნავს, რომ ის სწორად ვითარდება.

ყველამ იცის, რომ ყოველ კვირას თამაშია. ბევრი შემთხვევა გვქონდა, რომ ადამიანი თამაშობდა ჩვენთან, მერე წავიდა სასწავლებლად უცხოეთში, 5 წელი ისწავლა, ჩამოვიდა და მოვიდა კვირას 2 საათზე კლუბში და ნახა, რომ ისევ ისე გრძელდება თამაშები. სტაბილურობა არის ბრენდის მთავარი მახასიათებელი“ - განაცხადა გიორგი მოსიძემ.

მისი თქმით, ბრენდის სწორი განვითარებისთვის სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.