„ლიცენზირებისას მთავარია რა მანძილია კარიდან ფანჯრამდე, ჯანდაცვის სამინისტროს არ აინტერესებს რა შედეგი აქვს კლინიკას“ , - ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის სპეციალისტმა, ანესთეზიოლოგმა, ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა „ეს პოდკასტში“ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ჯანდაცვისა სამინისტროს მიდგომა არასწორია როგორც კლინიკების ლიცენზირების, ასევე მათი დაფინანსების ნაწილშიც. 

„დღეს ჩვენთან კარგი კლინიკა და ცუდი კლინიკა როგორ განისაზღვრება, სახეებით, მეტ-ნაკლებად ემოციური დამოკიდებულებით, სადაც ნახავ ნაცნობს და ა.შ. მაშინ, როცა დღეს ჯანდაცვაში კარგი და ცუდი იზომება ციფრებით: რამდენია სიკვდილიანობა, რამდენია უკან დაბრუნება, რამდენია გართულება და ამაშიც სახელმწიფო მართვის სრული სიგიჟეა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ ახლა გააკეთა.

თითქოს დაიწყო გარკვეული ლიცენზირების პროცესი, მაგრამ მთავარი რა არის? რა მანძილია კარიდან ფანჯრამდე. ლიცენზიის გაცემისას საერთოდ არ აინტერესებს, რა შედეგები აქვს კლინიკას, როგორ მომსახურებას აძლევს ის პაციენტს, ეს საერთოდ არ აინტერესებს. ეს არის ერთი კომპონენტი და მეორე, რაღაც პრობლემა რომ შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს დაუგზავნა წერილი, რომ თუ თქვენთან სიკვდილიანობა 6%-ია, სასწრაფო პაციენტს არ მოგიყვანთ. 

ძალიან უნდა მოახერხო, რომ სიკვდილიანობა გაზომო პროცენტით, დღეს ეს იზომება სტანდარტიზებული მონაცემებით. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება თითქოს სწორი და ლამაზი იდეა გააპარტახო და მიიღო აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი“, - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.