აგრარული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და დეფიციტური აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული სასწავლო კურსი დასრულდა.
კურსდამთავრებულებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს.
„აგროსკოლა” გახლავთ საინტერესო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის აგრარული საკითხების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად; სასწავლო პროგრამა ახალგაზრდებს მოტივაციას აძლევს, რომ მომავალში სწავლა აგრარული მიმართულებით გააგრძელონ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს: სოფლის მეურნეობის განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ფერმერული მეურნეობის მართვა, ღვინის ისტორია და ღვინის დეგუსტაცია, ქართული ვაზის ჯიშები, ველური ვაზის მოძიებისა და დაცვის ისტორია საქართველოში, მეხილეობა, მებოსტნეობა, მებაღეობა, ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, აკვაკულტურა და მეთევზეობა, ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ნიადაგმცოდნეობა, გაუდაბნოება და გადაძოვება, სურსათის უვნებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, განათლების როლი აგრარულ სექტორში, აგროტურიზმი.
გასვლითი ტურის ფარგლებში ახალგაზრდები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებსა და კოლეჯის „აისი“ კაჭრეთის ფილიალს ესტუმრნენ.
სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.
აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ ყოველწლიურად ჩატარდება.
პროგრამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს