დღევანდელი მდგომარეობით, შრომითი მიგრაციის მონაცემთა სპეციალური ელექტრონულ სისტემაში 38 117 იმიგრანტია რეგისტრირებული, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ნატო ნათენაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის მხრიდან იმიგრანტის რეგისტრაციის განუხორციელებლობა დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ელექტრონულ სისტემაში უცხოელ მოქალაქეს შესაბამისი კომპანია არეგისტრირებს და შეჰყავს მათი პირადი მონაცემები. მათ შორის, დაბადების თარიღი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მათ შორის, განათლება, პროფესია და გამოცდილება. შესაბამისად, სისტემაში შეყვანილი ინფორმაცია ზოგადად ქვეყანას ეხმარება, რომ განჭვრიტოს თუ რომელი საკადრო პროფესიაა დეფიციტური. ეს მონაცემები სამინისტროს მიზნებისთვის ერთგვარი ანალიტიკაა.  რა წამსაც დამსაქმებელი კომპანია ხელშეკრულებას გააფორმებს იმიგრანტთან მას 30-დღიანი ვადა აქვს, რომ ეს რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში განახორციელოს. ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა პირდაპირ ითვალისწინებს დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო აღნიშნულ სისტემაში მინიჭებული ნომერი გადამწყვეტია პირი მიიღებს თუ არა შრომით ბინადრობის ნებართვას“, - აცხადებს ნატო ნათენაძე.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს შრომის კოდექსი საქართველოს მოქალაქის მიმართ რა სტანდარტსაც ითვალისწინებს, აბსოლუტურად იმავეს ითვალისწინებს იმიგრანტთან მიმართებით, მათ შორის, 20%-იან საშემოსავლო გადასახადის ვალდებულებას.

შრომითი მიგრაციის კანონს რამდენიმე ნიუანსი აქვს დამატებული. მაგალითად, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქესთან შესაძლებელია, თუნდაც უვადო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს, იმიგრანტის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობა ამბობს, რომ ერთი და იმავე დამსაქმებელსა და ერთი და იმავე იმიგრანტს შორის შრომითი ურთიერთობა 30 თვეს არ  უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ხელშეკრულება აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა დაიდოს“, - აღნიშნა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ.

ნატო ნათენაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით აღნიშნული რეგულაციის აღსრულების ინსპექტირების შედეგები ასეთია - შრომის ინსპექციამ ადგილობრივი დამსაქმებლებისგან ინსპექტირება 150-მდე კომპანიაში განახორციელა, საიდანაც დარღვევა 91-ს გამოუვლინდა.

კომპანიების ნაწილმა სასჯელის სახით გაფრთხილება მიიღო, ხოლო ნაწილმა ჯარიმა.  თუ გვაქვს შემთხვევა, რომ არალეგალ ან უკანონოდ მყოფ პირთან გვაქვს გადაკვეთა, აქაც კომპეტენციის ფარგლებში რეფერირებას ვიყენებთ და აღნიშნულის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაცნობებთ“, - აღნიშნავს ნატო ნათენაძე.

bp.ge