მსოფლიოში ამინდის ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა 400%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს.
ამასთან, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, კლიმატურ კრიზისს და ამ მოვლენის ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენას ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ.
სოციალურ ქსელ X-ზე ორგანიზაცია წერს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, კლიმატის ცვლილების გამო, ამინდის ექსტრემალური მოვლენების რაოდენობა 400%-ითაა მომატებული.
შეგახსენებთ, რომ ჯანმო პერიოდულად ახსენებს მსოფლიოს მოსახლეობასა და მთავრობებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის კლიმატის ცვლილებისგან წარმოქმნილი საფრთხეების შესახებ. გასული წლის ზაფხულში ჯანმო აცხადებდა, რომ უახლოეს წლებში კლიმატის ცვლილების შედეგად, სიცხისგან დაზარალებული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
„ექსტრემალური ტემპერატურა ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემაში, ასევე რესპირატორულ გართულებებს, აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დიაბეტთან დაკავშირებულ მდგომარეობას,“ - განაცხადა მაშინ ჯანმომ.
ორგანიზაციის მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატის ცვლილების სამი ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა ახდენს: თბური ტალღები, ბუნებრივი კატასტროფები და შეცვლილი ინფექციური ფონი.