მოტო ტრანსპორტის ტექინსპექტირების საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. გარკვეული საკანონმდებლო ბაზა არის შესაქმნელი, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს მოტოტრანსპორტის ინსპექტირება, - აცხადებს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ სექტორი ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია. შესაბამისად, როგორც კი მზად იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ტექინსპექტირება მოტოტრანსპორტისთვისაც სავალდებულო გახდება, ცენტრები პროცესს უპრობლემოდ დაიწყებენ.

„ჩვენი ინფორმაციით, 2026 წელს ყველა საკანონმდებლო სიახლე მომზადდება და ვფიქრობ, უახლოეს ხანში გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაც მოხდება“, - აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 120 ათასი ერთეული მოტოტრანსპორტია რეგისტრირებული.