საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
GCCA-ის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა, 2022-2025 წლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებზე, მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად უწყების მიერ დადგენილ სტანდარტებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. „2022 წლის 1 ნოემბერს, სააგენტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობა გაორმაგებულია. 2025 წლის იანვარ-თებერვალში, შემოსული განცხადებების რაოდენობა 60%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2022-2025 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათ მილიონ ლარამდე აუნაზღაურდათ. საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, პრეტენზია ფიქსირდება ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე. ონლაინ ვაჭრობა იკავებს 70%-ს, ხოლო ნივთის ადგილზე შეძენა 30%-ს. მომართვიანობის მიხედვით ლიდერობს თბილისი 83%, რომელსაც მოყვება აჭარის რეგიონი 5% და იმერეთი 4%.“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე განმარტებით, 2024 წელს, საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა, რომელიც 2024-2027 წლებში, მარეგულირებელი უწყებების ერთობლივ აქტივობებს და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. „ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვახორციელებთ. მათ შორისაა - ნოემბრის თვეში, საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა“ და მარტის თვეში - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული, რომელიც მოიცავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან შეხვედრას“,- განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.
მან ასევე დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ მიღებულ მნიშვნელოვან ქეისებზე და დადგენილ სტანდარტებზე. მისი განცხადებით, სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2024 წელს, GCCA-ის მიერ მომზადდა - საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში პირთა ცნობიერების ამაღლების სახელმძღვანელო. ასევე, სმენა და მხედველობადაქვეითებული მომხმარებლების საჭიროებებზე ადაპტირებული ვიდეო და ბეჭდური მასალა და ა.შ. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა - შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების, რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების, სასკოლო-საგანმანათლებლო სექტორში ჩართული პირების ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებას და მათთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირებას. საკომიტეტო მოსმენაზე საუბარი შეეხებო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს, სადაც აღინიშნა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულების დაწყებიდან 2 წლისთავზე მსოფლიო ბანკის (World Bank Group) მიერ GCCA-ს ერთ-ერთი ქეისი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული 40 ქვეყანას შორის და შესაბამისი პრიზიც იქნა მოპოვებული.
საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, GCCA-ის თანამშრომლები, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.