Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, გასულ წელს ბათუმში 17 052 ბინა გაიყიდა (წლიურად 17%-ით მეტი).

ბათუმში ბაზრის ზომა წლის ჭრილში 34%-ით გაიზარდა და 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ტრანზაქციებმა 2022 წლის მაჩვენებლებს გადაუსწრო, რაც ქალაქისთვის ახალი რეკორდია.

„უცხოური ინვესტიციებისთვის აჭარის მზარდი მიმზიდველობა, ასევე ახალი მაღალი დონის პროექტების მიწოდება, ბაზრის ზომის მნიშვნელოვან ზრდას უწყობს ხელს",- წერია კვლევაში.

ამასთან, უცხოელი მყიდველები აქტიურობდნენ როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე.

კვლევის მიხედვით, მოთხოვნის გაძლიერებამ დააჩქარა ფასების ზრდა როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. ახალ პროექტებში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვ.მ-ზე $1,497 იყო, ხოლო ძველ პროექტებში $1,196.

საქართველოს მოქალაქეების წილი ახალი პროექტების მეორად ტრანზაქციებში 2021 წლიდან სტაბილურად მცირდება და 2025 წელს 51%-ს მიაღწია.

„2022–2023 წლებში დაფიქსირებული დაჩქარებული კლების ტენდენცია დიდწილად შეიძლება მივაწეროთ რეგიონულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა რუსეთის და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან“, - წერია კვლევაში.