15 აგვისტოდან კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი უქმდება. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სისტემა პაციენტების ინტერესებს მოერგება, თუმცა მათაც მოუწევთ სიახლეების მიღება. მიხეილ სარჯველაძემ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას და მათი არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.
„ადრე, მანკიერი, ე.წ. ლიბერალური მიდგომებით, ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული. ის არ ფუნქციონირებდა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით ბევრი
რამ გვექნება შესაცვლელი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული ნაწილი შედეგზე იყოს ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ,
სულ მცირე, შეძლებს, აღარ იყოს დამოკიდებული წამალზე. ამისთვის, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული."- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ შექმნა კონკრეტული პუნქტი, სადაც ყველაფერი მზად არის პროგრამის დასაწყებად. ,,ჩვენ შევქმენით ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც ყველაფერი გვაქვს მზად, რომ დავიწყოთ იმ პროგრამის განხორციელება, რასაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ნებისმიერ გამოწვევისთვის მზად ვართ, ვინაიდან არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე და როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. გზადაგზა ბევრი რამ გვექნება დასაგეგმი. ჩვენ ამ გეგმებზე ვმუშაობთ. ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 100-დან 150 ადგილამდე გვექნება განსაზღვრული“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.