10 წელში იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაორმაგდა. 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7,03 ლარი შეადგინა, 2015 წელს კი 3.77 ლარი იყო, - ამის შესახებ კვლევას ISET აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ტრადიციულად, სადღესასწაულო სეზონის დროს, რომელსაც საშობაო და საახალწლო სუფრების მზადებით გამოწვეული მოთხოვნის ზრდა ახასიათებს, ინდექსმა თვიურ ჭრილში ზრდა აჩვენა.
"წლიურ ჭრილში, ხაჭაპურის ინდექსმა აჩვენა ფასების ზრდა ყველა ინგრედიენტზე, გარდა კვერცხისა, რომლის ღირებულებაც 8.4%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველის ფასზე (+12.3%), რომელსაც მოჰყვება კარაქი (+11.3%), საფუარი (+9.3%), რძე (+8.9%) და ფქვილი (+3%).
2015-2024 წლების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 3.77-დან 7.03 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ ათწლეულში დეკემბრის ფასებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა (3.61 ლარი). 2024 წლის დეკემბრის ხაჭაპურის ინდექსმა რეკორდი დაამყარა და 0.6%-ით გადააჭარბა 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ პიკს – 6.99 ლარს.
2022 წლის პიკი განპირობებული იყო წლის განმავლობაში მიმდინარე განსაკუთრებული გარემოებებით, უკრაინის ომის შედეგად ინგრედიენტების ფასების მკვეთრი ზრდით. შესაბამისად, 2023 წლის კლების შემდეგ, ხაჭაპურის ინდექსმა 2024 წლის დეკემბერში განაახლა აღმავალი ტენდენცია და მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს," - წერს ISET-ი.