საკმაოდ მძიმე დღეები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას გასული კვირის განმავლობაში, ჯერ იყო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, რამაც მათ მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც შემდეგ გამოჩნდა მათი კომენტარებიდან და ამას დაემატა ეუთო/ოდირის ანგარიში, რომელიც რეალურად ადასტურებს, რომ საქართველოში წარმატებით შედგა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა.

„კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის, რაზეც ისაუბრა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ხუთივე ეს ძირითადი ბრალდება სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა. პირველი ბრალდება ეხებოდა გაჟონვას და ეს არავითარ არსებით თემად არ იქნა დაფიქსირებული ეუთო/ოდირის ანგარიშში. რეალურად უბნების 76 პროცენტში საერთოდ ხმის ფარულობის კუთხით არავითარი პრობლემა არ დაუდგენია ეუთო/ოდირს. დანარჩენ შემთხვევაში დადგინდა მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. პირველი ბრალდება მთლიანად გაბათილდა, რაც ეხებოდა ხმის ფარულობას. რაც შეეხებოდა ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას, ეს საკითხი საერთოდ არ მიიჩნია რელევანტურად ეუთო/ოდირმა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მათი ყალბი ბრალდებები მთლიანად იქნა გაბათილებული. მესამე - კარუსელი, გახსოვთ ამასთან დაკავშირებით განცხადებები, ბრალდება იმაზე, თითქოს 300 ათასი ხმა იყო გაყალბებული ასეთი მეთოდებით, ასევე გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ზუსტად 17-ჯერ აძლევდა ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას, ამასთან დაკავშირებითაც ბრალდება თავიდან ბოლომდე იქნა გაბათილებული. საერთოდ არ მიიჩნია ეს საკითხი რელევანტურად ეუთო/ოდირმა. ამაზე საერთოდ არ არის საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში. რუსეთის ჩარევა, ესეც კიდევ ერთი ყალბი ბრალდება. არავითარი მინიშნებაც კი არ არის ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობასთან დაკავშირებით საუბარია მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებზე. შესაბამისად, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც აყენებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური სპექტრი და NGO სექტორი პრეზიდენტის სასახლეში იმისთვის მიიწვია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაენიშნა. როგორც კობახიძემ განმარტა, პრეზიდენტის მიზანი აჟიოტაჟის შექმნა იყო, თუმცა, ზურაბიშვილს ვიღაც ჭკვიანმა ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა.

„ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში. ასევე, კიდევ უფრო დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს და ამ ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის. მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლებს შორის. გვეუბნებიან, რომ მათ სერიოზული მსჯელობა ჰქონდათ არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად, ოპოზიციური სპექტრი და „ენჯეოები“ სწორედ იმ განზრახვით შეკრიბა, რომ მას გუშინ საპარლამენტო არჩევნები უნდა დაენიშნა. მიზანი ცხადი იყო - აჟიოტაჟის შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, შედგა პრეზიდენტის ბრიფინგი, თუმცა საბოლოოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ინიციატივა არ გაჟღერდა.

„ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა“, - განაცხადა კობახიძემ.