საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით, იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. რიგით 76-ე სესიაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით წარდგება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მინისტრმა, ჰანს კლუგეს „ჯანმო“-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილმა ფარმაცევტული რეფორმის მნიშვნელობაზე, ასევე DRG დაფინანსების მოდელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეფორმები, სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.
შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.