რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება:
- 12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული;
- საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.
რატომ ახლა?
ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ახალ შეფასებას 21 ივნისს ჯერ ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე.
რადიო თავისუფლებამ წინმსწრებად მოიპოვა ინფორმაცია, თუ როგორი იქნება სამი ქვეყნის პროგრესის შესახებ ევროკომისიის აქცენტები. მოხსენებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით:
- „არანაირი პროგრესი“;
- „ნაწილობრივი პროგრესი“;
- „კარგი პროგრესი“;
- „შესრულებული“;
ვის როგორი პროგრესი აქვს?
ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან:
- 3 სრულად შეასრულა (25%);
- 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%);
- 8 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს (67%).
უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან:
- 2 სრულად შეასრულა (29%);
- 4-ზე აქვს გარკვეული პროგრესი (57%);
- 1-ზე აქვს კარგი პროგრესი (14%).
მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან:
- 3 სრულად შეასრულა (33%);
- 2-ზე კარგი პროგრესი აქვს (22%);
- 4-ზე - ნაწილობრივი პროგრესი (45%).
ვრცლად radiotavisupleba.ge