"ვეღარ გაიგო ბიძინამ რა ჰქნას. ბრძოლა გამოაცხადა, იფიქრა კარგი ნავარჯიშები ვარ, ხალხს გარეთ გამოვიყვან, ძალით მოვერევი, შეეშინდებათ და სხვა დროს ვეღარ გაბედავენ გამოსვლასო," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე მტკიცებით, შედეგად, მეტი ადამიანი გამოვიდა და გააპროტესტა ძალადობა. ჯანელიძის შეფასებით, ივანიშვილმა პირველი რაუნდი წააგო.
"შემდეგ იფიქრა, ახლა მოვაშორებ პოლიციას, და ცხვრის ტყავში მოვევლინები ხალხს, იქნებ დამიჯერონ, რომ ბოროტი არ ვარო. თუმცა, ამჯერად კუდი და ეშვები ვერ დამალა. მოძალადეები დააფასა და ღირსების ორდენებზე წარადგინა. ხალხი მიხვდა, რომ მგელი არსად წასულა, თუმცა დაინახა ისიც, რომ თუ ერთად იდგებიან, შეშინებული მგელი მათ ვერაფერს დააკლებს და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა.
ზღაპრის ბოლო კეთილია! ნამდვილი მშვიდობა და ღირსება, რომელიც მხოლოდ თავისუფალი ადამიანების ხვედრია, გაიმარჯვებს.
რჩევა ბიძინას: მგელი არსებობს ტყეში და მასზე არავინ ნადირობს. მასზე ნადირობას იწყებენ მას შემდეგ, რაც სოფელს თავს დაესხმება. იპოვე შენი ადგილი და გააგრძელე ცხოვრება შესაფერის გარემოში."- წერს Facebook-ის პირად გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე.