გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში გამართული სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, FAO-ს გენერალურ დირექტორს, ქუ დონჟუს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და FAO-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ფარგლებში დაგეგმილ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოში სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და სოფლად ცხოვრების მდგრადი განვითარებისთვის.

„FAO-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ჩვენთვის პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებით არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. FAO-სთან პარტნიორობა ასევე მნიშვნელოვანია სოფლის განვითარების ხელშეწყობისა და დარგში თანამედროვე მიდგომების დანერგვისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე FAO-ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე, 2027 წლის დასაწყისში საქართველოს ეწვევა.

FAO-ს გენერალურ დირექტორთან გარამრთულ შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამუნა ლილუაშვილი.

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს