ტოკიოს ხელისუფლებამ „ჩემოდანის დაბინძურებასთან“ ბრძოლის გეგმა დაამტკიცა. ტოკიოს ტოშიმას რაიონში (სადაც მდებარეობს პოპულარული სავაჭრო უბანი იკებუკურო) ქუჩაში გადაყრილი ჩემოდნებისთვის ლოკალური ჯარიმები დაწესდა.

ოფიციალური რეზოლუციის მიღება 2027 წლის მარტის ბოლოსთვის იგეგმება და ის ძალაში 2027 წლის აპრილში შევა.

მიზეზი გაჭიანურებული ოვერტურიზმი გახდა: მოგზაურები იაფი იენით სარგებლობენ, იაპონიაში მასობრივად ყიდულობენ ახალ, უფრო ტევად ჩემოდნებს და ძველებს უბრალოდ ტოვებენ ქუჩებში, ავტობუსის გაჩერებებზე ან სასტუმროებში, რათა თავიდან აიცილონ ავიაკომპანიებისთვის ზედმეტი ბარგის საფასურის გადახდა. მხოლოდ ტოშიმას უბანში 2025 წელს დაახლოებით 290 მიტოვებული ჩანთა იპოვეს, ხოლო მთელ ტოკიოში 4600-ზე მეტი.

იაპონიაში ნებისმიერი უყურადღებოდ დარჩენილი ჩანთა ადგილობრივ მცხოვრებლებში პანიკას იწვევს, რომლებიც ფარული საფრთხეების შიშით პოლიციას იძახებენ. კომუნალური მომსახურების თანამშრომლები იძულებულნი არიან, ყველა მძიმე ჩემოდანი პოლიციელების თანდასწრებით შეამოწმონ.

ჩემოდნის ქუჩაში დატოვება კლასიფიცირდება, როგორც „უკანონო ნარჩენების გადაყრა“. მაქსიმალური სასჯელი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 10 მილიონ იენამდე (დაახლოებით 65 000 აშშ დოლარი) ჯარიმას ითვალისწინებს. მაქსიმალური სასჯელი თითქმის არასდროს ეკისრებათ ჩვეულებრივ ტურისტებს, მაგრამ დარღვევის ფაქტიც კი პოლიციის რეაგირებას იწვევს.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე