საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის, - ასე გამოეხმაურა USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

„ჩვენ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ“, - წერს სამანტა პაუერი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.