თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„უდიდეს მადლობას გიხდით მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენი ტკივილის გაზიარების, დაზარალებული რეგიონების მონახულებისა და სოლიდარობისთვის.
ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს მთელი ერისთვის ამ ტრაგიკულ პერიოდში საქართველოს მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს, ჩვენი ტკივილის გაზიარებას და ჩვენთვის აღმოჩენილ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ მადლობა გადავუხადო თქვენს აღმატებულებას, საქართველოს მთავრობასა და თავდადებულ ქართველ მაშველებს, თქვენი სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს სამძებრო სამუშაოების დროს და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.