„რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ბილეთის მაღალი ფასების გამო, საქართველოში ტურებზე დიდი მოთხოვნა არ არის, მაგრამ დამატებითი ფრენები ხელს შეუწყობს რუსეთიდან მასიური ტურისტული ნაკადის აღდგენას“, - ამის შესახებ რუსეთის ტურ-ინდუსტრიის (PCT) კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი გორინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2018 და 2019 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანას სხვადასხვა მიზნით 1,2 მილიონზე მეტი რუსი ეწვია. სავიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების გაუქმების შემდეგ, ტურისტების ნაკადი წელიწადში საშუალოდ 850 ათასამდე შემცირდა. „ახლა კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. პირდაპირი რეისები დაინიშნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმდა და, რაც მთავარია, ტუროპერატორებს აქვთ შესაძლებლობა შექმნან და გაყიდონ საქართველოში ორგანიზებული ტურისტული პროდუქტები“, - განაცხადა გორინმა „ინტერფაქსთან“.
მისი თქმით, საქართველო ტურისტულ სერვისების ონლაინ დაჯავშნით პირველ ადგილზეა, მაგრამ რუსეთში საქართველოში ტურებზე მოთხოვნა ჯერ არ არის. ტურისტული ნაკადის ზრდისთვის საჭირო იქნება ტრანსპორტირების მოცულობისა და სიხშირის გაზრდა.
„რადგან ორივე ქვეყანას სამთავრობათაშორისო შეთანხმება აქვს ფრენების პარიტეტზე, ტრაფიკის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდა ადვილი არ იქნება. ამ მხრივ, ფრენების რაოდენობის გაზრდის ერთადერთი გზა დამატებითი ჩარტერებია,“ - აცხადებს დიმიტრი გორინი.
მისი თქმით, ჩარტერები არა მხოლოდ მარშრუტების გეოგრაფიის გაფართოებას, არამედ ფასების დასტაბილურებასაც შეუწყობს ხელს.
PCT-ის წევრი ტუროპერატორების თქმით, ტურისტებს დიდი ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით ავიაბილეთის მაღალი ფასები მოთხოვნას აფერხებს. მათი თქმით, მომხმარებლები, მესამე ქვეყნების გავლით, უპირატესობას უფრო იაფ ტრანზიტულ ფრენებს ანიჭებენ. გარდა ამისა, საქართველოში გამგზავრების მსურველები შესაძლოა ქვეყანაში რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმაც შეაჩერონ.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს საქართველოს საავიაციო სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth-ს რუსეთში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. პირველი რეისი 19 მაისს შედგა. 20 მაისს Georgian Airways-მაც განაახლა ფრენები. 2 ივნისიდან კი ავიაკომპანია Red Wings-ი იწყებს ოპერირებას.