კალაძე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რუს სტუმრებს„ოკუპაციის შესახებ“ კანონი არ აქვთ დარღვეული, სრული უფლება ჰქონდათ  საქართველოში შემოსულიყვნენ

„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში", - განაცხადა კალაძემ.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. დღეს ვისმენთ მათ განცხადებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, სპეკულირებენ. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა კალაძემ.