4 ოპოზიციური პარტია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, საერთო წერილით მიმართავს.

წერილს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:

"საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, მის აღმატებულება, კაია კალასს ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს

თქვენო აღმატებულებავ,ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მოახლოებული შეხვედრის ფონზე გვსურს გაცნობოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. საქართველო უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც ევროკავშირის დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა 2028 წლამდე შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამან გამოიწვია მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც სახელმწიფომ ორგანიზებული ტერორი დაუპირისპირა. რეჟიმის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ შოკისმომგვრელი ღალატია, მათთვისაც კი, ვინც პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, 9 დეკემბრის მონაცემებით, ქუჩებში დარბევის და სახლებში ჩხრეკის დროს, 500-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთა ასაკი 14-დან 60 წლამდეა. 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 73 ჟურნალისტი,ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სპეცრაზმისა და ქუჩის ბანდების მიერ წარმოებული ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს მოიცავს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას. „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც კი ფაქტების შეფასებისას აღიარა, რომ „ფიზიკური ძალადობა არაადეკვატურია“. მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, გამოძიება არ ჩატარებულა და დამნაშავეები ხშირად ამოუცნობი რჩებიან, რადგან სპეცრაზმის ოფიციალური ქვედანაყოფები არ ატარებენ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, ხოლო ქუჩის ბანდის წევრები სახეებს ინიღბავენ.პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. 5 დეკემბერს, ოპოზიციის ლიდერებს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ბანდ-ფორმირებამ ძალადობრივი ჩასაფრება მოუწყო ცენტრალურ თბილისში გამართული შეხვედრის დროს. პოლიცია არ ჩარეულა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა გვარამია (“კოალიცია ცვლილენებისთვის”) და ალეკო ელისაშვილი (“ძლიერი საქართველო”) დააკავეს; ელისაშვილი მძიმედ დაშავდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. დაარბიეს რამდენიმე პარტიის ოფისი, თავს დაესხნენ პარტიის წევრებს და სასამართლო სისტემა გამოიყენება, როგორც იარაღი ოპოზიციისა და დემონსტრანტების დასათრგუნად.ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს რეჟიმის გეგმა, რომ 14 დეკემბერს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად აირჩიონ მიხეილ ყაველაშვილი. ყაველაშვილი იყო „უცხოელი აგენტების კანონის“ ერთ-ერთი ინიციატორი და ხშირად ეწევა მძაფრ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ივანიშვილის თვითგამოცხადებული და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში მას არც დამოუკიდებლობა ექნება და არც ლეგიტიმაცია.ჩვენ, ქართული პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მომიტინგეებთან ერთად, ერთხმად ვეთანხმებით, რომ არსებული კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება გაუმჯობესებულ საარჩევნო ჩარჩოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით. საარჩევნო დარღვევებში მონაწილე სახელმწიფო უწყებები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური გავლენისგან.ამ კუთხით, ჩვენ პატივისცემით მოგიწოდებთ, განახორციელოთ შემდეგი გადაუდებელი ქმედებები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად:მოვითხოვთ ყველა დაკავებული პოლიტიკოსის, აქტივისტისა და მშვიდობიანი დემონსტრანტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას;მოვითხოვთ დაწესდეს მიზნობრივი სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატისთვის ძირსგამომთხრელ ქმედებებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებს, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ რეპრესიებში.მოვითხოვთ არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული თანამდებობის პირებისთვის შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და შეზღუდოს უვიზო რეჟიმით სარგებლობის პრივილეგიები.მოვითხოვთ გამოცხადდეს ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებული რეჟიმი არალეგიტიმურად ევროკავშირის ყველა შესაბამის განცხადებაში.მოვითხოვთ მკაცრად, საჯაროდ დაიგმოს მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და აქტივისტების მიმართ ძალადობრივი ქმედებები, აგრეთვე, ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებული რეჟიმის დაჟინებული მცდელობა ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.ამ დოკუმენტირებული წუხილების მიუხედავად, ბოლოდროინდელი დიპლომატიური ჩართულობა ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან გამოყენებული იქნა შიდა მედიაში, როგორც საერთაშორისო აღიარების მანიშნებელი. ამგვარი ნარატივების გავლენის შესამცირებლად, მოქმედი რეჟიმის წარმომადგენლებთან ყოველგვარი კონტაქტის შეჩერება, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, რჩება ყველაზე ეფექტურ გზად.ქართველი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ავტორიტარიზმს, იბრძვის მათი დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია წარმატებისთვის. თქვენი მკაფიო ხმა, მტკიცე მოქმედებებთან ერთად, გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოში საგანგაშო სიტუაციის დეესკალაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოს აღდგენაში," - ვკითხულობთ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ნიკა მელია (“კოალიცია ცვლილებებისთვის”)

თინა ბოკუჩავა (ერთობა - ნაციონალური მოძრაობა”)

მამუკა ხაზარაძე (“ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”)

ზაზა თავაძე (“გახარია - საქართველოსთვის”)