სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. დეპუტატების მესამედი ინიციატივას ბოიკოტს უცხადებდა. ამ გადაწყვეტილებამდე კრემლი ერევანს აფრთხილებდა, რომ ევროკავშირში გაერთიანება ევროაზიური ეკონომიკური გაერთიანების წევრობასთან შეუთავსებელია.
კანონპროექტი მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა „ევროვოტმა“ მოამზადა, რომელმაც 60 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. თუმცა ინიციატივის პარლამენტში წარსადგენად საკმარისი იყო 50 ათასი ადამიანის მხარდაჭერა. დოკუმენტი 9 იანვარს მთავრობის სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში, რომელიც ევროპული ინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა, პოზიცია შემდეგი ფორმულირებით არის დაფიქსირებული: „სომხეთი, გამოხატავს ხალხის ნებას, მიზნად ისახავს გახდეს უსაფრთხო, დაცული, განვითარებული და კეთილდღეობით აღსავსე ქვეყანა და აცხადებს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას“.
სომხეთს გაცხადებული აქვს პოზიცია, რომ სურს დაუახლოვდეს ევროკავშირს და განახორციელოს ვიზების ლიბერალიზაცია. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო პერსპექტივაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ საჭიროა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება. ევროკავშირმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა გააფართოოს თანამშრომლობა სომხეთთან. ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა არ აპირებს ევროაზიურ ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობა ევროკავშირით ჩაანაცვლოს, არამედ ქვეყანა დამოუკიდებლობის გამყარებისკენ მიდის. კრემლი, თავის მხრივ, აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია ერთდროულად იყო ევროკავშირისა და ევროაზიური ეკონომიკური გაერთიანების წევრი, რადგან ორგანიზაციებს შორის არსებობს განსხვავებები საბაჟო და ეკონომიკურ წესებში.