"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, აღქმების, მისკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტება გააკეთა.
როგორც თამარ ტყეშელაშვილმა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, "ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1 პროცენტი. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1 პროცენტზე ნაკლები. შევწყვიტოთ რიცხვებზე და შიშებზე მანიპულაციებით საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ თემებზე.’’
ტყეშელაშვილმა საზოგადოებას განაცხადების განახლებული სტატისტიკა გააცნო. მისი ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, განაცხადების რაოდენობა 100- ით გაიზარდა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეგისტრაცია შაბათ დღესაც არის შესაძლებელი.
,, ამ დროისთვის შემოსულია 322 განაცხადი. დილის მონაცემებით იყო 233.’’ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
თამარ ტყეშელაშვილმა ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მინისტრის ბრძანების შეცვლას სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება. ნაცვლიშვილის კითხვა მინისტრის მხრიდან ბრძანების ერთპიროვნულად შეცვლის შესაძლებლობას შეეხებოდა.
„ჩვენი ხელწერაა, ამ გუნდის, გნებავთ, პოლიტიკურ განცხადებაში ჩამითვალეთ, როგორც გინდათ, ბელადომანია ჩვენ არ გვაქვს. მინისტრი აქ შიგნით გადის კონსულტაციას, მათ შორის, იმპლემენტაციის თვალსაზრისითაც. ჩართული იყო საჯარო რეესტრი, ჩართულები ვიყავით ყველა ამ ბრძანების შემუშავების პროცესში. ასე არ არის, რომ დაჯდა მინისტრი და მიიღო ბრძანება თავისით, შეადგინა ეს და ის, რომ არავის არ გააცნო და არ შეეკითხა ან მოისმინა მოსაზრება, თუ როგორ აღსრულდება აღნიშნული ბრძანება, ასე არ ხდება ჩვენთან და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, იმისათვის რომ მინისტრის ბრძანება შეიცვალოს, მას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლები და ძალიან უხერხულია, რომ ამ დარბაზში ამდენი საუბარი გვიწევს ამაზე“,- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კურატორმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა, ხაზი გაუსვა, რომ კანონის შესრულება არ წარმოშობს არავითარ საფრთხეს ორგანიზაციებისთვის.
"ისინიც ამ წუთებში მოგვმართავენ ჩვენთან სარეგისტრაციოდ, ამიტომ დასაწყისშივე იმის თქმა, კანონს თუ შევასრულებ, ამის გამო მომადგება ზიანი და შეაჩერე კანონიო, აცდენილია ყოველგვარ სამართლებრივ სიბრტყეს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა.
„ქალბატონო ანა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, ვინ საიდან ფინანსდება?!”– მიმართა თამარ ტყეშელაშვილმა ანა ნაცვლიშვილს მის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა კანონის გავლენას მშვიდობის აღდგენის პროცესზე.
“ვთქვათ პირდაპირ, „საია“-ს სარჩელი იყო, ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და აქ ნუღარ გადავალთ“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საკონსტიტუციო განხილვისას.
ცნობისთვის, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილებოდა, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას.
სავარაუდოდ, დღეს დასრულდება სარჩელის განხილვაც.
„ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება სხდომა. ჩვენ დაგვრჩა ეტაპი, რომელსაც ჰქვია მოსამართლეების მიერ მხარეებისთვის შეკითხვის დასმა ლინგვისტის გამოსვლის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენ ერთმანეთს უნდა დაუსვათ კითხვები. რეპლიკის შესაძლებლობას მოგცემთ და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ხვალ დამთავრდება. 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათობით მაღალი ხარისხით ის ნაწილი, რაც დარჩენილია იძლევა იმის შესაძლებლობას რომ ხვალ სხდომა დავამთავროთ“,- განაცხადა გუშინ სხდომის დასრულების შემდეგ მერაბ ტურავამ.
ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნით სამი სარჩელია შესული. სარჩელები წარდგენილი აქვთ: პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.