არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და ფრენებთან დაკავშირებით არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპოზიცია ამ ბოლო დროს მიეჩვია უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლის უკანაც არაფერი დგას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გვიწევს ამაზე რეაგირება და ჩვენი მოსახლეობისთვის ახსნა, რაზე ლაპარაკობენ. ესეც მსგავსი შემთხვევაა. მე არ ვიცი, რატომ მიეცა ამ საკითხს ასეთი ფორმა. ფრენებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან და არც ფრენებთან დაკავშირებით არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია. ეს არაერთხელ ვთქვით და დღესაც მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს არის მოცემულობა. რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ ვრჩებით იმ განცხადებების ფორმატში, რაც იყო მთავარი ლაიტმოტივი. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.