Freedom House-ის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა. დემოკრატიის ქულა 3.07-დან 3.04-მდე დაეცა.
ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25-მდე დაეცა, ამის მიზეზი ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციაა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორი ტელეკომპანიის დირექტორის დაპატიმრებით, ასევე მზარდი პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემოთი გამოიხატა.
Freedom House აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა 2022 წელს, რამაც გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთება, რაც აისახება ქვეყნის პრესის თავისუფლების რეიტინგის ვარდნაზე.
„2022 წელს, როდესაც ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ, საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ყურადღებით აკვირდებოდნენ, თუმცა სტრუქტურული პრობლემებია სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების და მრავალპარტიული მმართველობის არარსებობის კუთხით. აღნიშნული ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
საზოგადოების სკეპტიციზმმა ეკონომიკის მდგომარეობის და პარტიული სისტემის იმედგაცრუებამ, მათ შორის, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიმართ, პიკს მიაღწია“, - წერს Freedom House.
ანგარიშის თანახმად, ვერბალური თავდასხმების საგანგაშო დონე დაფიქსირდა საქართველოში, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკის მიმღებლობა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, 2022 წლის განმავლობაში შემცირდა.
„2022 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოს დასავლური მისწრაფებისთვის. პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია რჩებოდა მთავარ დაბრკოლებად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მმართველი პარტიის, ქართული ოცნების უკიდურესმა, მარგინალიზებელმა რიტორიკამ ხელი შეუშალა საპარლამენტო აქტორებს ერთობლივად ემუშავათ დასავლელი პარტნიორების მნიშვნელოვან პოლიტიკასა და საკანონმდებლო რეკომენდაციებზე.
მმართველი პარტიის ყოფილი წარმომადგენლები ირიბ ბრალდებებს აყენებდნენ დასავლეთის ზეწოლაზე საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ომის პარტიად დასახელებამ უარყოფითად იმოქმედა დემოკრატიულ მმართველობაზე და პოლიტიკური ელიტების უნარზე, შექმნან კონსენსუსი გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში, ისევე, როგორც საზოგადოების ნდობა მთავრობის მიმართ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაწყებული საარჩევნო კრიზისი ნაწილობრივ მოგვარდა 2022 წელს, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ადმინისტრაციული და საბიუჯეტო რესურსების ბოროტად გამოყენება საარჩევნო აქტივობებში, გადაუჭრელი რჩება“.- წერია ანგარიშში.