2024 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 11.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 19.3 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 1.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა - 1.6 პროცენტული პუნქტით.

„2024 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 11 პროცენტი.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი -ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების სფეროების პოზიციაზე დაფიქსირდა და 26 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა სპეციალისტი/პროფესიონალების პოზიცია (23.7%),“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გენდერული სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან.

გენდერული სახელფასო სხვაობა, რომელიც არ ითვალისწინებს დემოგრაფიულ და სამუშაო მახასიათებლებს, ცნობილია, როგორც შეუსწორებელი გენდერული სახელფასო სხვაობა. დემოგრაფიული მახასიათებლების (ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილმდებარეობა - რეგიონი/დასახლების ტიპი და ა.შ.) და სამუშაო მახასიათებლების (ეკონომიკური საქმიანობის სფერო, დაკავებული პოზიცია და. ა.შ.) გათვალისწინების შემთხვევაშიც კაცისა და ქალის ხელფასებს შორის არსებობს სხვაობა.

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებელი გაანგარიშებულია სამუშაო ძალის გამოკვლევის საფუძველზე, 15-64 წლის დაქირავებული მოსახლეობისთვის, რეგრესიული მოდელის გამოყენებით.

bpn.ge