საქართველოს პრეზიდენტს ისტორიაში პირველად ხმოსნები აირჩევენ. არჩევნები პარლამენტის შენობაში, 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. პროცესს ცესკო წარმართავს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს ბიულეტენში ერთადერთი კანდიდატის სახელი და გვარი დახვდებათ. ეს ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილია. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება არანაკლებ 30 საარჩევნო კოლეგიის წევრს ჰქონდა, თუმცა ოპოზიციამ მანდატებზე უარი განაცხადა და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. როგორია პროცედურები კენჭისყრის დღეს? კითხვით ,,კომერსანტმა’’ კონსტიტუციონალისტს ლევან ალაფიშვილს მიმართა.

,,კენჭისყრა ტარდება პარლამენტის შენობაში. განხილვების გარეშე, ანუ დებატების გარეშე ღია კენჭისყრა იქნება. რაც შეეხება კვორუმს, პირველ ტურში სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო ანუ გამარჯვებისთვის მინიმუმ 200 ხმა უნდა მიიღოს კანდიდატმა. თუ კი კანდიდატი ამდენი ხმოსანის ხმას ვერ დააგროვებს, მაგ შემთხვევაში იმართება მეორე ტური. მეორე ტურში უკვე უკეთეს შედეგს რომელი კანდიდატიც დააგროვებს ის იქნება გამარჯვებული. რაც ნიშნავს, რომ თეორიულად ერთი ხმაც რომ აიღოს თუკი ერთია კანდიდატი, მაგ შემთხვევაში იგი ჩაითვლება არჩეულად. ამის შემდეგ იდება ფიცი, რის შემდეგადაც არჩეული იძენს უფლებამოსილებას. ჩვენ ერთი კანდიდატი გვყავს და მან პირველ ტურში თუ ვერ აიღო 200 ხმა, მაშინ მეორე ტური უნდა ჩატარდეს და უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. ,,ქართულმა ოცნებამ'' ოპოზიციას არ შეუწყვიტა უფლებამოსილება. შესაბამისად, მოცემულობა ასეთია, რომ სახეზეა დეპუტატის სტატუსის მატარებელი პარლამენტის 150 წევრი.’’- განმარტავს ლევან ალაფიშვილი.

ხმოსნების მიერ არჩეული პრეზიდენტი ფიცს 29 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში დადებს. ამ მომენტიდან ის  უფლებამოსილებას შეიძენს.