საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 პუნქტი - ყველა პოლიტიკურმა ძალამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ, ეს არ არის პოლიტიკური სპექტრის მხოლოდ ერთი ნაწილის ექსკლუზიური სფერო, - ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ განაცხადა.

მისი თქმით, „სლავკოვის სამეულის“ ფორმატის ქვეყნებს - ჩეხეთის რესპუბლიკას, სლოვაკეთსა და ავსტრიას - 12 რეკომენდაციის კუთხით, შეუძლიათ საქართველოს დახმარება, მაგრამ საქართველომ უნდა შეასრულოს სამუშაო და აჩვენოს რეალური ერთგულება.

„საქართველოს, მისი მოქალაქეებისა და ლიდერების გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი. ჩემი ქვეყანა ძალიან ღიაა ამასთან დაკავშირებით - ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს ბევრ მუშაობას, ბევრ კომპლექსურ რეფორმას, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს. ეს რეფორმები ევროკავშირისთვის კი არაა გასატარებელი, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რომლითაც ყველა მოქალაქე სარგებელს ნახავს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ როგორც მათ შემუშავებაში, ისე განხორციელებაში. ეს არ არის პოლიტიკური სპექტრის მხოლოდ ერთი ნაწილის ექსკლუზიური სფერო. ჩეხეთის რესპუბლიკამ გაიარა ეს პროცესი, ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის“, - აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.