საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია კარგი ადგილია საინვესტიციოდ - ამის შესახებ ტურიზმის სფეროს ექსპერტი, Diriyah ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ჯერი ინზერილო “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა იზრუნოს ავთენტურობის წარმოჩენასა და ქვეყნის პოპულარიზაციაზე. Diriyah ჯგუფი საუდის არაბეთის მთავარი კულტურული და ტურისტული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საუდის სამეფოს დაარსების ისტორიული ადგილის გლობალურ ტურისტულ ცენტრად ქცევას. ჯერი ინზერილო თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში იმყოფებოდა. მასთან ინტერვიუ ექსკლუზიურად, "ბიზნესპარტნიორმა" ჩაწერა.
ტურიზმი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. რა არის ის ძირითადი ეკონომიკური სარგებელი, რაც ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებში ინვესტირებამ შეიძლება, საქართველოს მსგავს ქვეყნებს მოუტანოს?
მქონდა პატივი, მემუშავა და მემსახურა ტურიზმის ინდუსტრიაში უკვე 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ტურიზმიდან მომდინარე სარგებელი მინახავს ბევრ ქვეყანაში. ქართველებს, ისტორიულად, ჰქონდათ ბევრი ბრძოლა, ომები, მაგრამ ქართველები ყველზე სასიამოვნო, გულთბილი ხალხია. ასე, რომ ამ მშვენიერ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კარგია - საკვები, ღვინო, ცეკვა, მუსიკა - რომ ვნახოთ, რა შეცვალა ტურიზმმა, ვნახავთ, რომ მან სწრაფად დააგენერირა მთლიანი შიდა პროდუქტის 10%. ახლა ვნახოთ, რა ხდება ზოგადად, ტურიზმში - ის ახალისებს სამუშაო ადგილების შექმნას ახალგაზრდებისთვის, კურსდამთავრებულთათვის, ასევე, ქალებისთვის - მსოფლიოში, ტურიზმის ინდუსტრია სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, ქალების ყველაზე დიდი დამქირავებელია. ასე, რომ ეკონომიკური ბენეფიტები უდიდესია - რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად, რითაც საქართველო ძალიან მდიდარია.
რა რჩევას მისცემდით მთავრობებს და კერძო ინვესტორებს, რომლებიც აპირებენ ინვესტირებას ტურიზმის ინფრასტრუქტურაში? რა არის ძირითადი მიმართულებები ამ სექტორში გრძელვადიანი წარმატებისთვის?
კოვიდმა გვასწავლა, რომ ხალხს აქვს მოგზაურობის სურვილი. მაგრამ შეიცვალა ის, რომ ახლა უკვე ადამიანებს სურთ იმოგზაურონ ავთენტურ ადგილებში. მათ უნდათ ნახონ ის, რაც რეალურია. შეხვდნენ ადამიანებს და ისიამოვნონ მათთან საუბრით, ურთიერთობებით. აქ კი, ამ მშვენიერ ქვეყანაში, ძალიან ბევრია ის, რითაც შეგიძლია დაკავდე - დააგემოვნო კარგი საკვები და ღვინო როგორც უკვე ვახსენე. ადამიანებს უნდათ ეს საკუთარ თავზე გამოცადონ. არა მხოლოდ ნახონ ტელევიზორში, ან წიგნში წაიკითხონ, არამედ, თავად წავიდნენ და აღმოაჩინონ. ამიტომ, დღესდღეობით, ავთენტურობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ, სად არის საქართველო ტერიტორიულად, ვნახავთ, რომ ახლა უკვე მარტივდება აქ ჩამოსვლა - წარსულში 20 ავიაკომპანია დაფრინავდა, თუმცა, ახლა უკვე თქვენმა მინისტრმა მითხრა, რომ მათი რიცხვი გაზრდილია 40-მდე. ასე რომ, ჩამოდით და ინვესტირება განახორციელეთ ძალიან სტაბილურ, უსაფრთხო, ლამაზ ქვეყანაში, რადგან იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან ესტუმრონ ამ რეგიონს და საქართველოს განსაკუთებით.
მაგრამ, მაინც, საქართველო კვლავ რჩება ტურბულენტურ რეგიონში, სადაც გარშემო კონფლიქტებია. ამის მიუხედავად, ფიქრობთ, რომ საქართველო კარგი ადგილია საინვესტიციოდ?
დიახ. მე ვფიქრობ, მომავალი აქ ძალიან ნათელია. რამდენიმე მიზეზის გამო - ადრე თუ გვიან, კონფლიქტები დასრულდება. ომით უკვე ყველა დაიღალა. მაგალითად, შევხედოთ რა ხდება უკრაინაში. როგორც თბილისია ლამაზი, მომხიბლავი ქალაქი, ასეთივე იყო კიევი. უკრაინელები ძალიან მშვიდობისმოყვარე ხალხია. მაგრამ ახლა, დროა საჭირო, რათა კვლავ დაუბრუნდეს იმას, რაც აქამდე იყო. მჯერა, ეს ასეც იქნება. სავარაუდოდ, ეს კონფლიქტი მალე დასრულდება და მომდევნო რამდენიმე წელიწადში უკრაინის ტურისტული ბაზარი დაუბრუნდება რეგიონს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო ხდება მზარდი ტურისტული მიმართულება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რათა გამოიყენოს ეს იმპულსი და ჩამოყალიბდეს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის მთავარ მოთამაშედ?
მე ვფიქრობ აქ ორი საკითხია - რომელიც ე.წ. ლიდეშიპთან არის დაკავშირებული. თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია, ეს კარგია. მაგრამ ამასთან, საქართველომ ცოტა მეტი უნდა გააკეთოს ამ იმიჯის პრომოუშენისთვის. ჯერ კიდევ ბევრი ხალხია მსოფლიოში, რომლებმაც არ იციან, რა არის და სად არის საქართველო. მაგრამ ეს სწრაფად იცლება. მაგალითად, კარგი იქნება, თუ რეგიონის ყველა ქვეყნის სამინისტრო გაერთიანდება რეგიონის პოპულარიზაციისთვის. მაგალითად, ავიღოთ ბაქო, აზერბაიჯანის დედაქალაქი. ხალხი რომელიც სტუმრობს რეგიონს, აქ 4-6 დღეს ატარებს, რათა ბევრი რამ ნახოს რეგიონის მასშტაბით. ასე რომ, ვფიქრობ, ეს პროცესი იწყება მთავრობებიდან და ხალხებიდანაც - რომლებიც ყველა თბილად უნდა დახვდნენ. ვფიქრობ, ყველა გაიაზრებს ამას და ტურიზმის პერსპექტივას საქართველოსა და რეგიონში.
მინდა ასევე გკითხოთ კოვიდზეც. ვიცით, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიისგან მიყენებული ზიანის აღდგენის გზაზეა. როგორ ხედავთ მოგზაურობისა და სტუმარ-მასპინძლობის მომავალს, რომელიც პანდემიის შემდგომ პერიოდში ვითარდება და რა გვასწავლა ამან ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადობისთვის?
ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ კოვიდისგან. გლობალური ტურიზმი ამით ყველაზე მეტად დაზარალდა - ადამიანებს არ შეეძლოთ მოგზაურობა. დავკარგეთ, გლობალურად, 100 მილიონი სამუშაო ადგილი. საბედნიეროდ, ახლა ეს ბრუნდება და ადამიანები მოგზაურობენ. მაგრამ ჩვენ რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ ადამიანებს უნდათ მოგზაურობა და ისინი მოგზაურობენ უფრო მეტს კოვიდის შემდგომ. მათ ყველაზე მეტად ავთენტურობა იზიდავთ. ასე, რომ თუ მაგალითად, წარმოადგენ მთავრობას და გინდა წაახალისო დასაქმება, ფინანსების და უცხოური ვალუტის მოზიდვა, უნდა წარმოაჩინო ის უნიკალურობა, რაც შენს ქვეყანას აქვს. ეს არის ის, რაც კულტურას და მემკვიდრეობას უკავშირდება. ასევე, გარემოს.
თუ შევხედავთ ისეთ ლამაზ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სადაც შეგიძლია ილაშქრო, დრო გაატარო ბუნებაში, ნახო ლამაზი მთები და ქალაქები, დააგემოვნო კარგი ღვინო - ეს დიდი პლუსებია. ახლა ყველა ქვეყანა რასაც გაცხადებულად აკეთებს, არის ის, რომ ისინი ყველაზე ჭკვიან ადამიანს ნიშნავენ ტურიზმის მინისტრის თანამდებობაზე. ბევრ ქვეყანას 1990 წლებიდან არც კი აქვს ტურიზმის სამინისტრო. მაგრამ ახლა ყველა პრემიერ მინისტრმა და ყველა პრეზიდენტმა გაიაზრა და ფიქრობენ იმაზე, როგორ წარმოაჩინონ ის, რაც მათ ქვეყნებში უნიკალურია. მე ვიტყოდი, რომ საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით უდიდესი საქმე გააკეთა.
რა შეგვიძლია ვთქვათ მდგრადობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორ უნდა ვიპოვოთ ბალანსი მსხვილმასშტაბიან პროექტებსა და მდგრადობას შორის? მაგალითად, საქართველოში ბევრი ადამიანი აპროტესტებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, რადგან ჰგონიათ რომ ეს ეწინააღმდეგება მდგრადობას და ტურისტული ქვეყნის იმიჯს.
მაგალითად, საუდის არაბეთში ძირითადი შემოსავლის წყარო ბოლო 50 წლის განმავლობაში იყო ნავთობი. მაგრამ ახლა ბევრი ახალგაზრდა კითხულობს - როგორია ჩვენი მომავალი? ახლა საუდის არაბეთი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია მწვანე ჰიდროლოგიაში, მზისა და ქარის ტექნოლოგიებში, ელექტროენერგიაში. ბევრი ქვეყანა ახლა ეძებს რეფორმების გზებს ენერგეტიკაში, რადგან ყველას სჭირდება ელექტროენერგია. თუ შევხედავთ ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ახლა თავიდან განსაზღვრავს ჩვენს ხედვას მსოფლიოს მიმართ, ის მოიხმარს უზარმაზარ ენერგიას და განსაკუთებით ელექტროენერგიას. ახლა მთავრობები ხედავენ ამას და ვფიქრობ, ყველა ტიპის ენერგია მთელი მსოფლიო მასშტაბით უფრო მეტად ვითარდება.
თქვენ ახსენეთ AI და ვიცი, რომ თქვენ ათწლეულების განმავლობაში ხართ ინოვაციური ტურისტული პრაქტიკის წინა პლანზე. რა უახლესი ინოვაციები არსებობს ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანებთ? როგორ აყალიბებს ეს ინოვაციები ინდუსტრიის მომავალს?
ვფიქრობ, აქ არის ორი მიმართულება. ერთი არის ის, რაც შეგვიძლია სარგებლის სახით მივიღოთ მოგზაურობიდან - ახლა სოციალური მედიისა და აიფონების წყალობით, ადამიანებს წამებში შეუძლიათ დაინახონ რაღაც მშვენიერი ნებისმიერი ქვეყნიდან. თუმცა, წარსულში, მაგალითად, როდესაც შეხვდებოდით ვიღაცას საქართველოდან და ჰკითხავდით - საიდან ხართ, სად არის საქართველო და ის შემოგთავაზებდათ საქართველოში სტუმრობას, შენ უნდა მოგეძიებინა წიგნი ბიბლიოთეკაში. ახლა კი, წამებში შეგიძლია ნახო სურათები, შეიტყო ხალხის შესახებ, ჩართო ვიდეოები. ახლა ხელოვნური ინტელექტის წყალობით შენ შეგიძლია წამებში შეაგროვო უზარმაზარი ინფორმაცია ნებისმიერ ქვეყანაზე.
თუმცა, AI-სთან ასევე, დაკავშირებულია სხვა საკითხებიც - ჩვენ შეგვიძლია მისი დახმარებით ვასწავლოთ ინდუსტრიას, მილიონობით ადამიანს, რომლებსაც შესაძლოა, არ ჰქონდათ საშუალება ევლოთ უმაღლეს სასწავლებლებში. მათ შეუძლიათ ონლაინ გადამზადება და ონლაინ სერტიფიცირება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის სასერტიფიკატო პროგრამის მეშვეობით. შემდეგ კი, ასევე, ონლაინ იშოვონ სამსახური ტურიზმის სფეროში, რადგან ონლაინ სერტიფიცირება ამის საშუალებას იძლევა. ეს ათეულობით მილიონ ადამიანს შესაძლებლობებს აძლევს ტურიზმის ინდუსტრიაში შემოვიდეს.