ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი, ანუ 49%, რჩება, - ამის შესახებ გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივნისში მიღებული დასკვნების საფუძველზე, 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.
„ევროპულმა საბჭომ გაიხსენა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი რჩება, ანუ 49%. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა რუსეთისკენ/ რუსეთიდან სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და 2008 წლიდან არის ჩართული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით.
Ipn.ge