საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 18.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

წლიურად 15.2%-ით გაიზარდა ვიზიტზე საშუალო ხარჯი და 2 426.6 ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ III კვარტალი ზაფხულის ტურისტულად აქტიურ თვეებს ივლის-აგვისტოსა და ასევე სექტემბერს მოიცავს.

კატეგორიების მიხედვით, დანახარჯები ასე ნაწილდება:

  • განთავსება - 2.2 მლრდ ლარი;
  • საკვები და სასმელი - 1.4 მლრდ ლარი;
  • საყიდლები - 1.2 მლრდ ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 429.4 მლნ ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 379.9 მლნ ლარი;
  • სხვა ხარჯი - 64.7 მლნ ლარი.

საქსტატის თანახმად, III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (59.2%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.  ვიზიტების უმრავლესობა კი მოდის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისზე, შესაბამისად, 1 მილიონ 179 ათასი და 1 მილიონ 125 ათასი ვიზიტი.

ამასთან, III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.8 ღამე) 7.2%-ით მეტია. ვიზიტების 72.8% განმეორებითი ხასიათის იყო.