სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის kfw-ს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება მათ შორისაა რეგიონული ნაგავსაყრელის აშენება, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ასევე მიმდინარეობს ნარჩენების შეგროვების სპეციალური მანქანებისა და კონტეინერების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის.
„დღეს გერმანიის ელჩს ვუმასპინძლეთ, ეს ელჩის პირველი ვიზიტია ჩვენს რეგიონში. საელჩოსთან ერთად ამ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. გამოვყოფდი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, რომლის დახმარებითაც ჩვენს რეგიონში თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი მოეწყობა. ამავე ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩვენს მუნიციპალიტეტებს გადასცა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანები. გასულ კვირას უკვე მივიღეთ 11 ახალი მანქანა, მანამდე კი სხვადასხვა ზომის კონტეინერები გადაეცათ მუნიციპალიტეტებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით სეპარირების კუთხითაც და პროექტის ფარგლებში ზუგდიდის გადაეცა მუყაოსა და ქაღალდის სეპარირების სპეციალური ტექნიკა. საელჩოსთან თანამშრომლობა უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამ საკითხებზე დღეს გამართულ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
თავის მხრივ ელჩმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრა. ზუგდიდის მერმა კი იმ პრიორიტეტულ პროექტებს გაუსვა ხაზი სადაც საელჩოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.