სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის, მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით! - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული საქმე რუსების მიერ იყო შეკვეთილი ანაკლიის პორტის მშენებლობის გასაჩერებლად.
„ბრალდება ვერ დადასტურდა - ფულის გათეთრება არ ყოფილა!
რუსების დაკვეთითა და ბიძინას პროკურატურის მიერ შეთითხნილი ფულის გათეთრების საქმე დასრულდა.
რას მიაღწიეს? - გააჩერეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები, ქვეყანას წაართვეს ინვესტიცია, ჩაშალეს საუკუნის პროექტის, ანაკლიის მშენებლობა, ქვეყნის განვითარება ათეული წლით უკან დახიეს და რუსების დავალება პირნათლად შეასრულეს.
რატომ არის საქართველო ასეთ მდგომარეობაში? - იმიტომ, რომ კრემლის მოკავშირე, გაყიდული მთავრობა გვყავს, რომელსაც ეროვნული ინტერესი არაფრად მიაჩნია.
დაგვაზიანეს? - ვერ დაგვაზიანეს, უფრო გავმაგრდით, უფრო ნათლად დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე. ქვეყნის გამარჯვება ამათი მმართველობიდან გაშვებაზე გადის! ბრძოლა გრძელდება! სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის. მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას"ფულის გათეთრებაზე" და რეალური სასჯელის გამოტანას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.