[სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებზე] შრომის ანაზღაურების არასწორი გაანგარიშების შედეგად აუდიტის პერიოდში გამოვლინდა ზედმეტად დარიცხული შრომის ანაზღაურების შემთხვევები, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც ეხება „სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს“.

აუდიტის ანგარიშში საუბარია რიგ დარღვევებზე, მათ შორის ზედმეტად დარიცხული ხელფასების, გაცემული ჯილდოებისა და სამსახურებრივი ავტომობილების არამიზნობრივ გამოყენებაზე. დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში, ცალკეულ შემთხვევაში − არასათანადოდ, ხოლო ძირითად შემთხვევებში, საერთოდ არ არის შემუშავებული ფაქტობრივად ნამუშევარი დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის სისტემა.

გარდა ამისა, გურიისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების გარდა, ფულადი ჯილდოების გაცემის დროს არ იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

„შედეგად, მოსამსახურეთა წახალისების მიზნით თანხების ანაზღაურება ხდებოდა შესრულებული სამუშაოების სათანადოდ დასაბუთების გარეშე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში არ არის მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების წესი და პრინციპები, რაც წარმოშობს როგორც ტრანსპორტის, ისე საწვავის არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენების რისკებს.

„აუდიტის პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საწვავის ჩასხმისა და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების რისკებს წარმოშობს; ასევე სათანადო დასაბუთების გარეშე თანამშრომლების პირად მფლობელობაში არსებულ ავტომანქანებზე საწვავის ხარჯების გაწევა, წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად გამოყენების რისკს“, - წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ განახლებულა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგიონების განვითარების სტრატეგიის არარსებობა როგორც რეგიონების პოტენციალის ათვისებას უშლის ხელს, ამავე დროს ართულებს იქ არსებული გამოწვევების გადაჭრასაც.