რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო ცხინვალის გავლით გზის გახსნის წინადადებით გამოდის. აღნიშნული წინადადებით რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომაზე გამოვიდნენ, რომელიც ამ წუთებში ვლადიკავკაზში მიმდინარეობს.

მანამდე რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს დელეგაცია ზემო ლარსზე იმყოფებოდა.

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო 18-19 სექტემბერს სტუმრობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ პადალკო, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი, რუსეთის ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე, მეწარმეები და სხვები.

როგორც საბჭოს ტელეგრამარხზეა ნათქვამი მოწვეული საბჭოს სხდომის მთავარი მიზნები და ამოცანებია რუსეთსა და საქართველოს შორის ლოგისტიკის ყველა პრობლემისა და პერსპექტივის შესწავლა, ასევე მათი გადაჭრის გზების ძიება.