რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მოწესრიგების კვალდაკვალ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარდაუვალობა, მიზნად ისახავს საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას, ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
DRI-ს განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„2023 წლის 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" პირდაპირ რეისს საქართველოში სამოქალაქო სექტორის პროტესტი და ულტრამემარჯვენე ჯგუფების დადებითი შეფასებები მოჰყვა. ულტრამემარჯვენე პრორუსულმა ძალებმა ღიად გაავრცელეს ილუზორული მოსაზრება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მოწესრიგების კვალდაკვალ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარდაუვალობასთან დაკავშირებით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნული განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა, მიზნად ისახავს საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისი რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოში მოქმედი ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსული ძალებისთვის. „დიდ გამარჯვებად" მოიხსენია რუსეთთან პირდაპირი რეისის შესრულება „ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ და აღნიშნა, რომ ამაში უდიდესი წვლილი მის გუნდს მიუძღვის.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის პარალელურად, ოპოზიციური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობა მოჰყვა ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ნათესავის მიერ ქორწილის გადახდის მცდელობას, რომლის სტუმართა სიაში მოიაზრებოდა ლავროვის ქალიშვილი, რომელიც აშშ-ს, კანადის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და ავსტრალიის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.
აქტივისტთა დისკრედიტაციის კამპანიას უნისონში აწარმოებდნენ ულტრამემარჯვენე ძალები და „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
ულტრამემარჯვენე ჯგუფების მსგავსად, ქსენოფობიის გამოვლინებად და ქართულ კულტურასთან შეუთავსებელ მოვლენად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავის ქორწილის ჩაშლა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რომელმაც სამოქალაქო პროტესტს „ლიბერალურ-ფაშისტურ კამპანია" უწოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.