„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა“, - ამის შესახებ RBC-სთან რუსული კომპანია Tranio-ს აღმასრულებელი დირექტორი და პარტნიორი მიხაილ ბულანოვი აცხადებს. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად მინიმალური თანხა 100 000 დოლარია, ხოლო ბინადრობის ნებართვის მიღების ვადა - 1 თვე.

პორტალი წერს, რომ  ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლით, ხოლო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში მუდმივი ცხოვრებისა და უძრავი ქონების ფლობის შემდეგ, რუსებს შეუძლიათ, უვადო ბინადრობის ნებართვა მიიღონ. ამას გარდა, უძრავ ქონებაში 300 000 დოლარზე მეტის ინვესტიციისას დაუყოვნებლივ გაიცემა ბინადრობის ნებართვა 5 წლის ვადით და ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მუდმივი ბინადრობის სტატუსის მიღება.

Tranio-ს სტატისტიკის მიხედვით, ბინადრობის ნებართვის ან პასპორტის მისაღებად რუსები ყველაზე ხშირად ფიქრობდნენ ქონების შეძენაზე თურქეთში, კვიპროსში, ესპანეთში, საბერძნეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

2023 წელს უძრავი ქონების შეძენის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა საქართველო.

ათეულში მოხვედრილი ქვეყნებიდან ბინადრობის მიღების ნებართვა საქართველოზე იაფია თურქეთსა და სერბეთში, დანარჩენ 7 ქვეყანაში, უფრო ძვირი.

2023 წელს უძრავი ქონების შეძენით ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსებისთვის ხელმისაწვდომი ქვეყნების 10-ეული ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - შესაძენი უძრავი ქონების მინიმალური თანხა 50-75 000 დოლარზე ზევით;

2. სერბეთი - მინიმალური თანხა განსაზღვრული არ არის, თუმცა უძრავი ქონების საშუალო ფასი 50-80 000 დოლარია;

3. საქართველო - 100 000 დოლარიდან

4. არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 205 ათასი დოლარიდან

5. მალტა - 220–275 ათასი ევროდან (რეგიონის მიხედვით)

6. ტაილანდი - 270 ათასი დოლარიდან

7. კვიპროსი - 300 ათას ევროდან

8. პორტუგალია - 280-500 ათასი ევროდან (დასახლებული პუნქტების მიხედვით)

9. ესპანეთი - 500 ათასი ევროდან

10. მონტენეგრო - მინიმალური თანხა განსაზღვრული არ არის