როგორც ჩაკეტვაზე, ისე გახსნაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული - ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ, ვერ იფუნქციონირებენ,- ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას.
„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება - როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ. შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაწესებული, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც ახლაა და არ მომავალში არ იქნება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. განკარგულება ძალაში 15 მაისიდან შევა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.