ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გადაცემის წამყვანმა და პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ პოლიტიკასა და ქვეყნის ბრენდინგზე ისაუბრეს.
ლევან კობერიძის თქმით, „ისტორიიდან ბევრი კარგი მაგალითი გვახსოვს. თუ ისეთ ძლიერ პოლიტიკოსებს გავიხსენებთ, როგორიც რეიგანი და ტეტჩერი იყვნენ, მათ თავიანთ ქვეყნებს პოზიტივის მარცვალი შემატეს: რეიგანმა განამტკიცა შეერთებული შტატების, როგორც ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი; ტეტჩერს რკინის ლედის წოდებაც კი ჰქონდა და ბრიტანეთს დამატებითი მომხიბვლელობა შესძინა. ამიტომ, პოლიტიკა და პოლიტიკოსები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის ბრენდსა და იმიჯზე.“
როგორც საბა ბუაძემ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკა, როგორც ბრენდის სივრცე, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საკმაოდ უარყოფით გარემოდ ჩამოყალიბდა. ამიტომ, პოლიტიკური სივრცე რებრენდინგს საჭიროებს.
„საქართველოში პოლიტიკა, როგორც ბრენდის სივრცე, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საკმაოდ უარყოფით გარემოდ ჩამოყალიბდა. ამიტომ, ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის რებრენდინგის დიდი საჭიროებაა.
თავისი შინაარსით პოლიტიკა არის სიკეთის და კეთილდღეობის შექმნის სფერო. აუცილებელია, რომ აღქმები და წარმოდგენები შეიცვალოს და პოლიტიკა გახდეს პრობლემების მოგვარების და არა შექმნის ადგილი. რებრენდინგი 1 და 2 ადამიანის საშუალებით ვერ მოხდება. მას თვისობრივის განახლება და ბევრი ახალგაზრდა ადამიანის შემოდინება სჭირდება, რომ მთლიანად შეიცვალოს პოლიტიკაზე წარმოდგენა“, - აცხადებს საბა ბუაძე.
მისი თქმით ქვეყნის პოლიტიკის რებრენდინგი მთლიანი ფილოსოფიის ცვლილებას და პოლიტიკაში „შინაარსის“ დაბრუნებას გულისხმობს. ამას გარდა, ე.წ. ბრენდ-ამბასადორებმა, ბრენდის ელჩებმა ქცევა და თამაშის წესები უნდა შეცვალონ, შესაცვლელია პოლიტიკის კულტურა.
„მთლიანად ფილოსოფიაა შესაცვლელი. პოლიტიკა, როგორც ბრენდი უნდა ეფუძნებოდეს შინაარსს. მარკეტინგული კუთხით რომ შევხედოთ, მოთხოვნა ხალხში არის სხვა რამეზე და მიწოდება - აბსოლუტურად სხვა მიმართულებითაა. „მედია საქართველო“ და „რეალური საქართველო“ დაშორებული ცნებებია. შინაარსის დაბრუნება არის ის, რითაც უნდა დავიწყოთ ქვეყნის რებრენდინგი.
როგორც ლევან კობერიძემ თქვა, ქართული პოლიტიკა ძნელად დასამკვიდრებელი ადგილია. და ქართულ პოლიტიკაში სწორად შესვლის ბარიერი ძალიან მაღალია.
„ძალიან რთულია, რომ სწორი ადამიანი, სწორი მოტივაციით მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამ თვალსაზრისით ქცევის წესები უნდა შეიცვალოს. პოლიტიკის ე.წ. Brand Book-ია შესაცვლელი. უნდა დაესვას წერტილი, პოლიტიკა გამდიდრების და პერსონალური კეთილდღეობის მოხვეჭის ადგილი აღარ უნდა იყოს. ადამიანური კაპიტალი ყველაზე დიდ პრობლემაა პოლიტიკაში“, - აცხადებს საბა ბუაძე.
გადაცემის სტუმრის თქმით, საქართველოს, როგორც ბრენდს მხოლოდ და მხოლოდ ერთ სივრცეში ხედავს და ეს დასავლური დემოკრატიულ სივრცეა.
„ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამაა შესაცვლელი. მთავარო მენტალური ცვლილებაა, ცვლილება ჩვენს შიგნით. უნდა გავიზარდოთ როგორც საზოგადოება. ბოლო 30 წლის განმავლობაში როგორც საზოგადოებამ, დიდი ნაბიჯები გადავდგით და ამ ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ შეგვიძლია ვიყოთ განვითარებული, სრულფასოვანი სახელმწიფო, რომლის მთავარი ფუნქციაც იქნება ადამიანის ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა“, - აცხადებს საბა ბუაძე.