საქართველოს პარლამენტის ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი განიხილა.

არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ დაასუსტებს საჯარო მოხელის უფლებებს და სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში პროევროპული აქციების პარალელურად საჯარო სექტორში განვითარებული მოვლენების შემდეგ. პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან ასობით საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი განცხადებებს, რითაც აკრიტიკებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, სალომე შუბლაძის შეფასებით, გამოცხადებულ დათხოვნებს მასობრივი ხასიათი ექნება და იგი კრიტიკულად განწყობილ მოხელეებს შეეხებათ.

„აქამდე არსებული ინფორმაციით, ცვლილებები საჯარო სექტორიდან თანამშრომლების დათხოვნის მასობრივ ხასიათზე მიუთითებს. რეორგანიზაცია თავისი ბუნებით ამას ნიშნავს, ბევრი ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს სამსახურიდან გაშვებას, ეს რომ იყოს ერთეული ადამიანების საკითხი, შეიძლებოდა სხვა გზაც მოეძებნათ; მაგალითად, ერთეული თანამშრომლის შემთხვევაში მიზეზად იტყოდნენ დაკისრებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებას, კვალიფიკაციის ნაკლებობას ან რამე მსგავსს.

ყველა, ვინც კი ხელი მოაწერა განცხადებას, აქციებში მიიღო მონაწილეობა, გამოთქვა პროტესტი ან FACEBOOK-ზე რამე დაწერა, აშკარად ყველას მიმართ იგეგმება ეს წმენდა. ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება რთულია, მაგრამ ჩემი პირადი ვარაუდია, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ შტატების ცვლილებას წინ არაფერი არ უდგას. მათი გათავისუფლების შემდეგ მეტად სავარაუდოა, რომ მორჩილი, ლოიალური კადრებით მოხდეს მათი ჩანაცვლება. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ეს როგორც ჩანს „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს“,- აღნიშნა სალომე შუბლაძემ.