პარლამენტი ე.წ. ქოლცენტრების საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას განიხილავს - გიორგი გახარიას პარტიის წევრები მოუწოდებენ ოპოზიციონერ კოლეგებს, მობილიზდნენ საკანონმდებლო ორგანოში და მხარი დაუჭირონ იდეას.
"ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტიის, ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფებისგან, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატებისგან გვაქვს სიტყვიერი დაპირება, რომ სხდომას დაესწრება და მხარს დაუჭერს კომისიის შექმნის ნაწილში. მოვუწოდებთ მათ რომ ეს დაპირება შეასრულონ. ასევე, მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას," თუ მათ არაფერი აქვთ დასამალი და როგორც ამბობენ, ეფექტურად მუშაობენ ამ დანაშაულის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირონ ამ კომისიის შექმნას," - განაცხადა პლენარული სხდომის დაწყებამდე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.
კომისიის შექმნას არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც აცხადებენ რომ ოპოზიცია ცდილობს დავით კეზერაშვილის ინტერესები დაიცვას და ხელი შეუშალოს მიმდინარე გამოძიებას. მმართველი პარტიის წევრები თვლიან, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიმდინარე გამოძიების პარალელურად პარლამენტის რეგლამენტსაც ეწინააღმდეგება და ამ გამოძიების ინტერესებსაც დააზიანებს. აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ მიმდინარე ტრანსნაციონალურ გამოძიებაში ჩართული არიან ევროპელი გამომძიებლები და ეს მოცემულობა ეწინააღმდეგება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.
პარლამენტის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი. მას შემდეგ, რაც მან განმარტა როგორ მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრები, "ქართული ოცნების" წევრებმა გამოსვლებში აღნიშნეს, რომ ასეთი ცოდნა შემთხვევით ვერ ექნებოდა ადამიანს.
"დღეს პირველად გავიგე თქვენგან, როგორ მოქმედებს ქოლცენტრები. პირდაპირ გეუბნებით, როგორ იურისტი, რომ ამ ინფორმაციის მცოდნე ადამიანი ხართ.
გამოძიების შემთხვევაში ეს დეტალები საჯარო გახდება თუ არა და თუ საჯარო გახდება, დააზიანებს თუ არა გამოძიებას?" - იკითხა ალუდა ღუდუშაურმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან.
„თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ამ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა. ვთქვათ, რომ დაგეთანხმოთ და შეიქმნას ეს კომისია, რა იქნება მთავარი მიმართულება, საით მიდის საპარლამენტო გამოძიება?
თავად საქმის დეტალები არის საპარლამენტო გამოძიების ობიექტი - როგორ იძიებენ სამართალდამცავები მიმდინარე საქმეს, თუ თქვენს, ოპოზიციის ლოგიკას რომ გავყვეთ, ვიღაც საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო არ შეიძლებოდა და დაიწყებთ იმ პერიოდიდან, როცა შს მინისტრი იყო გიორგი გახარია და როცა ეს ე.წ. „ქოლცენტრები“ შეიქმნა?! შემდეგ პრემიერი გახდა გახარია და ამ პასუხისმგებლობის მიმართულებით ხომ არ აფარებს ვინმე ხელს, ხომ არ იყო და ხომ არ არის? ასევე, მაინტერესებს, ჩაერთვება თუ არა, ამ კომისიის საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი ეჭვმიტანილის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაცია? ვაშაძე, რომლის მიმართულებითაც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს? მე არ მჯერა, რომ მისმა ძმამ არახამიას ძმას მიაქირავა ფართი შემთხვევით და იქ ე.წ. ქოლცენტრი აღმოჩნდა. თქვენ ჩაერთვებით თუ არა, გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი არის თუ არა, ამ მიმართულებით იმუშავებთ თუ არა?“- კითხვა მამუკა მდინარაძემ ინიციატივის წარმდგენ მიხეილ დაუშვილს.
"რატომ მაინცდამაინც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დააინიცირეთ თქვენ ეს დადგენილების პროექტი? შემთხვევით ეს ხომ არ არის საკითხი, რომელიც უკავშირდება კეზერაშვილს და ხომ არ არის ამის მიზანი ის, რომ კონკრეტული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდეს გამოძიების მასალები?" - ეს კითხვა ანრი ოხანაშვილმა დაუსვა მიხეილ დაუშვილს.
ბექა ოდიშარია, "ქართული ოცნების" დეპუტატი დაინტერესდა, როდის მიიღო ოპოზიციამ და კონკრეტულად მიხეილ დაუშვილმა "ქოლცენტრების" შესახებ ინფორმაცია, ახლა თუ მაშინ, როცა ის ბიზნესომბუდსმენის პოსტს იკავებდა.
ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, რომან გოცირიძემ გაიხსენა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პარლამენტში სულ მცირე, 15-მდე სხვადასხვა საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა არსებობდა, მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების და საყდრისის ოქროს საბადოს აფეთქების ფაქტებზე. ყველა ასეთი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, გარდა ხორავას ქუჩის მკვლელობისა, უშედეგოდ დასრულდა.
"ნებისმიერი კომისიის შექმნა ნიშნავდა ხელისუფლებისა დანაშაულების გამოვლენას. რომ ამბობთ გიორგი ვაშაძეს აქვს ქოლცენტრი, შექმენით და ამხილეთ" - თქვა რომან გოცირიძემ.
"ყველას გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლების გარეშე ქოლცენტრები ვერ იარსებებს" - თქვა ხატია დეკანოიძემ ამ დისკუსიაში მონაწილეობის დროს.
„კომისია იმისთვის იქმნება, რომ კითხვებს, რომლებიც თუნდაც „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ, პასუხები გავცეთ. მე, მაგალითად, მართლა მაინტერესებს, ჰქონდა თუ არა ვაშაძეს „ქოლცენტრი“. ეს რეალურად გავარკვიოთ და თუ მართალია ეს კაცი, ვნახოთ და თუ მართლა ძარცვავდა მოხუცებს, ამაზეც პასუხი გვეცოდინება. კეზერაშვილის შემთხვევაშიც ასეა. რა, BBC-ის ფილმი ვინმეს თვალში ეპატარავება? ჩვენ არ ვენდობით ჩვენს საგამოძიებო უწყებებს და სწორედ ამიტომ, მას შემდეგ რაც BBC-ზე გავიდა, გვინდა სიმართლე გავიგოთ. დღისით, მზისით ჭავჭავაძეზე, „აქსის თაუერსში“ ოფისი რომ ფუნქციონირებდა, ეს სუს-მა როგორ არ იცოდა? ამ კითხვებს გვინდა გავცეთ პასუხი. იმედია არ ვიხილავთ იმას, რაც აქამდე ვიხილეთ, როგორიცაა „რეგისტრაციას არ გავივლით, ამ კომისიას არ შეგაქმნევინებთ“... შევქმნათ კომისია და კითხვებს პასუხი გავცეთ. ეს თქვენს ინტერესშიც შედის და ჩვენსაშიც. უნდა განიწმინდოს ის, ვინც განსაწმენდელია და ბრალი დაუმძიმდეს მას, ვისთვისაც დასამძიმებელია“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პოლიტიკურ ჯგუფ "საქართველოსთვის" მიერ მომზადებული პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მომზადდა, გულისხმობს გამოძიებას 2020 წლიდან დღემდე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური “ქოლცენტრების“ შექმნის ფაქტებისა და ჩადენილი სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულების. კომისიამ ასევე უნდა შეისწავლოს, თაღლითური საქმიანობის განხორციელების სქემა, გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტები, ამ სისტემური ჩავარდნის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები;
მმართველი პარტიის წევრები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ამ ინიციატივის ავტორების ლიდერი, გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი და უფრო ადრე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და გამოძიების საწყისი წერტილი არის ის წელი, როცა ის უკვე აღარ იკავებდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობას.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა კენჭისყრისას.