ვაგნერის სამხედროების დედაქალაქთან მიახლოებასთან ერთად, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ბილეთები სრულად გაიყიდა, ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წერს.
„ჩვენმა კოლეგამ ალექსანდრე ჩერნიშევმა დაათვალიერა ავიაბილეთები და გაარკვია: მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ბილეთები აღარ არის ხელმისაწვდომი“, - წერს გამოცემა.
ეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით „ვაგნერში“ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში მყოფი 25 000 მებრძოლი დაიძრა, რომ აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს.
დღეს, 24 ივნისის სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერმა“ დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა. ამას გარდა, ანტიტერორისტულ კომიტეტის ცნობით, მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით „ვაგნერელებს“ გეზი მოსკოვისკენ აქვთ, რის გამოც მოსკოვის მისასვლელების ჩაკეტვა და სატვირთო მანქანებით ჩახერგვაა დაწყებული.