საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

"დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დევნა და უსამართლოდ დააპატიმრა. გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის", - ეს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის გამოხმაურებაა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.

საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) სიხარულს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

"[გვარამიას] პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი" - წერს ორგანიზაცია და შეცდომად მიიჩნევს ნიკა გვარამიას პატიმრობას.

"ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების - გამოხატვის თავისუფლების - დასაცავად, და პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე" - ეს მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაა, რომელიც ნიკა გვარამიას, მის ოჯახს და კოლეგებს ულოცავს მის გათავისუფლებას.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მიესალმება ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ ესაა გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდა საერთაშორისო საზოგადოება.

"პატივისცემა, თქვენო აღმატებულებავ!", - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ტვიტერზე.

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალება ხელს უწყობს დემოკრატიის დაცვას საქართველოში, მაგრამ პრემიერმინისტრი და მთავრობა აგრძელებენ მის დასუსტებას", - ეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, უილიამ კორტის შეფასებაა, რომელიც მან ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"ეს გულწრფელად მისასალმებელი სიახლეა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა. ნიკა გვარამიას პატიმრობა სამართლიანობის დაცინვა იყო", - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნიკა გვარამიას შეწყალებას.

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ნიკა გვარამიას ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცენდეტია.