ლორა თორნტონის ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილის დამქირავებელია, რომელიც საკმაოდ დიდი ფულადი რესურსით საქართველოს ინტერესებს ინტენსიურად და გააფთრებით დაუპირისპირდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისა, ლორა თორნტონის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ფაქტია, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში რევოლუციურ სცენარს ამზადებს, ხელს უწყობს და აფინანსებს.
„ლორა თორნტონის პოზიცია ცნობილია. სამწუხაროა, რომ ოპოზიციად წოდებული ჩვენი აგენტურული ქსელი სწორედ ამ ნარატივსაა აყოლილი, რომ აბა, გამოდით, მუშაობა შეწყვიტეთ და ბიზნესმა ბოიკოტი გამოაცხადოს. ლორა თორნტინის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ვიცით, სახელმძღვანელოებს წერდნენ, წერენ და შექმნეს გარკვეული სექტები, სამწუხაროდ, ახალგაზრდების ჩართულობით, რომელიც საკუთარ ქვეყანას შეგნებით თუ შეუგნებლად უპირისპირდებიან. ეს ლორა თონტონის ბოლო განცხადება არ არის, არც პირველია. გვახსოვს მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „მაკკეინის ინსტიტუტსაც“ მიაჩნია, საქართველოში სისხლი აუცილებლად უნდა დაიღვაროსო. ფაქტია, ეს არის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში რევოლუციურ სცენარს ამზადებს, ხელს უწყობს და აფინანსებს. ლორა თორნტონის ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილის დამქირავებელია, რომელიც საკმაოდ დიდი ფულადი რესურსით საქართველოს ინტერესებს ასევე ინტენსიურად და გააფთრებით დაუპირისპირდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა საკუთარ წერილში თქვა: „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე““.