მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში გადაღებული ფილმების შინაარსი წინა ხელისუფლების დროს კონტროლდებოდა და ახლა - აღარ. ამ საკითხზე მან ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები უკავშირდებოდა თუ არა ფილმ „მოთვინიერებას", რომელიც აღწერს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესს.
ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ ფილმების შინაარსი აღარ კონტროლდება, მეორე მხრივ კი აღნიშნავს, რომ მსგავსი "სამარცხვინო შინაარსის" ფილმი არ უნდა დაფინანსდეს.
„თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინოა, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა. ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს... ამ ფაქტზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა...
მაინცდამაინც სამარცხვინო ფილმი უნდა დააფინანსოს?! ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა. მე ასე ვხედავ - როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ ექნება ვერანაირი გამართლება... კინოცენტრი ხომ ხელისუფლების მიერ კომპლექტდება, [მხოლოდ] ამ მხრივ ერევა კინოცენტრის საქმიანობაში ხელისუფლება. მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული, სწორი შინაარსის [იყოს]. კრიტიკულიც შეიძლება იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს, რა თქმა უნდა, გაუგებარია", - თქვა კობახიძემ.
სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ადგილიდან არის მიტანილი და ჩარგული. ფილმი კინოცენტრის დაფინანსებით არის გადაღებული და სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი პროდუქციაა.