2023 წლის 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, საქართველოს ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს თანამშრომლობაზე როგორც გაეროსთან, ისე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან 

ელჩების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართვლობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადაგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

გარდა ამისა, დიპლომატები მოინახულებენ წეროვანში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვევიან, სადაც გაეცნობიან  ადგილზე არსებულ  ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ასევე გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.