გადავწყვიტეთ, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზებული მანქანები ჰიბრიდული ავტომობილებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ჰიბრიდულ ავტომობილებს ნაკლები დატვირთვა ექნება გარემოზე.
„ეს მანქანები, ავტოპარკის უმეტესობა დღეს არის ათ წელზე მეტის, 300 ათასი აქვს საშუალო გარბენი ყველას, ხარეჯი არის დიდი, ამიტომ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზებული მანქანები ჰიბრიდული ავტომობილებით, რომელსაც, ამავე დროს, ნაკლები დატვირთვა ექნება გარემოზე, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი 6.7 მლნ ლარის 60 ავტომობილს ყიდულობს. ახალი ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა და განაცხადების მიღება 13 აგვისტოს სრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, პარლამენტი გეგმავს, რომ I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილები შეიძინოს. ერთი ერთეული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 92,630.00 ლარს, ხოლო 150 000 კმ-ზე ერთეული ავტომანქანის ღირებულებად - 12,640.50 ლარს. ამასთან, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
პარლამენტი გეგმავს, რომ ავტომობილების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2024 წელს 5.5 მლნ ლარი, 2025 წელს - 1.1 მლნ ლარი გადაუხადოს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თანახმაა საქართველოს პარლამენტმა 60 (სამოცი) ერთეული I კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მრავალწლიანი შესყიდვა განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ 2024 გათვალისწინებულია 5 557 800.0 ლარი, ხოლო 2025 წელს გათვალისწინებული იქნება 1 154 430.0 ლარი, (ჯამური ღირებულება 6 712 230.0 ლარი)", - ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება მანქანის მახასიათებლებს,ავტომობილები უნდა იყოს ჰიბრიდი, ძრავის მოცულობა არანაკლებ 2.4 ლიტრი, კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ 195, ძარას ტიპი სედანი. მსუბუქი ავტომობილების სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 4.8მ, სიგანე არანაკლებ - 1.79მ, სიმაღლე არანაკლებ 1,4მ.
რაც შეეხება ფერს, სატენდერო დოკუმენტში წერია, რომ მანქანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და აუცილებლად მარცხენასაჭიანი.