ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრა ოთხშაბათს, 21 ივნისს დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით:
მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან სამი რეკომენდაცია „სრულად შესრულებულად“ შეუფასეს;
ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე;
დისკუსიის მიმდინარეობისას გერმანიის, ესტონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა.
აქცენტები და შენიშვნები
ზეპირი მოხსენების თანახმად, საქართველოს:
3 რეკომენდაცია სრულად აქვს შესრულებული;
1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი;
7 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს;
1 რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
ის 3 რეკომენდაცია, რომელიც სრულად შესრულებულად ჩაითვალა, არის:
დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა;
გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია;
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება;
მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და ახსენეს ცვლილებების საჭიროება მაუწყებლობის შესახებ კანონში.
ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge